8 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვო საბჭოს თავმჯდომარედ ისევ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. ის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს სამი წლის განმავლობაში. მაღლაფერიძემ საკუთარ კანდიდატურას მხარი თავადაც დაუჭირა:
„მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, მეტიც, მე პატივისცემას ამით გამოვხატავ ჩემი კოლეგების მიმართ, ვინც დამიჭერენ [მხარს], მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ იცი რა, ხალხის თხოვნით არის“, – თქვა მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძის გარდა, სხვისი კანდიდატურა კენჭისყრაზე არ დამდგარა. სამეურვეო საბჭოს სხდომა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს 2022 წლის 21 აპრილიდან იკავებს. მაშინ მის კანდიდატურას 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი.
სხდომაზე ლაშა ტუღუშმა თქვა, რომ საბჭო მეტად კრიტიკული უნდა იყოს და მიუღებელია მაღლაფერიძის სტილი:
„მე არ მახსენდება ამ 3 წლის განმავლობაში, ბატონო ვასილ, ერთი თქვენი მოსაზრება და კრიტიკული შენიშვნა ადმინისტრაციის მისამართით. კი მაგრამ, ეს რა ფორმაა, რა სტილია. ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ კრიტიკულები, მათ შორის ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, პროგრამულ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ერთი კრიტიკული მოსაზრება თქვენი მხრიდან არ გამოთქმულა და თქვენ ყველანაირად ცდილობდით, რომ ფილტრაცია მომხდარიყო ბორდის და მაქსიმალურად შეგეზღუდათ ის კრიტიკული თუ რაღაც ისეთი მოსაზრებები, რომელიც არსებობდა ამ ბორდში“, – თქვა ტუღუშმა.
ტუღუშმა თქვა, რომ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს პირველი თავმჯდომარეა, რომელმაც თავისი თანამშრომელი დასაჭერად გაიმეტა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ასევე თქვა, რომ არ დაუჭერდა მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარს, რადგან არხზე ის რუსულ პროპაგანდას ეწევა, ემსახურება „რუსულ რეჟიმს“.