საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობა აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობის საფრთხე დღითიდღე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას” აკისრებენ.
განცხადებაში ნათქვამია:
„გუშინ, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროტესტო მსვლელობას რამდენიმე პირი დაესხა თავს. აქედან, ერთს იარაღი აღმოაჩნდა. საბედნიეროდ, ჩვენმა თანამებრძოლმა – ლევან ჯობავამ მოახერხა პირის განიარაღება, თუმცა რომ არა მოქალაქეების სწრაფი რეაგირება, არ ვიცით, რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო წუხელ.
უნდა ითქვას, რომ ეს ჯგუფური თავდასხმა არ ყოფილა შემთხვევითი და მას მიზანმიმართული პროვოკაციის სახე ჰქონდა. მეტიც, მას ჩვენ წინააღმდეგ აგორებული სამთავრობო ძალადობრივი პროპაგანდის ლოგიკურ გაგრძელებად მივიჩნევთ.
რაზეც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს პოლიციის უმოქმედობა, მოძალადეების დაუსჯელობის სინდომი თუ თავად სამთავრობო მედიებისა და მათთან ასოცირებული არხების მიერ წარმოებილი პროპაგანდა. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ უმალავს მაყურებელს ძალადობის შესახებ ინფორმაციას, ხოლო იმედი კიდეც ახალისებს პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმას.
აქვეყნებენ ჩვენი თამანებრძოლების საცხოვრებელ მისამართებს; თავიანთ სახლებში ყოველდღიურად ატერორებენ, აშინებენ მათ მცირეწლოვან შვილებს და ოჯახის წევრებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფიზიკური საფრთხე დღითიდთე მატულობს, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ე.წ. მთავრობას ვაკისრებთ!
ჩვენ პირველი დღიდან ვიბრძვით სიმართლისთვის და მიუხედავად იმისა თუ რა ბინძური გზებით შეეცდება რეჟიმი ჩვენთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ დანებებას; ვიბრძოლებთ მანამ სანამ მოძალადეები პასუხისგებაში არ მიეცემიან, არ დაისჯებიან ის ძალოვანები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები აწამეს, სანამ რეჟიმის ტყვეები არ გათავისუფლდებიან და მანამ, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს სამართალსა და დემოკრატიას!
სიმართლისთვის ბოლომდე!”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ 15 სექტემბერს მათ რამდენიმე ადამიანი დაესხათ თავს, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა მათგანმა იარაღიც ამოიღო. მას ის პროტესტის მონაწილე ლევან ჯობავამ წააართვა და პოლიციას გადასცა. ამის შემდეგ ჯობავა პოლიციას იქვე მდებარე კაფეში საათზე მეტხანს კითხავდა.
16 სექტემბერს შსს-მ თქვა, რომ დაკავებულია 2009 წელს დაბადებული პირი, რომელსაც სავარაუდოდ პნევმატური პისტოლეტი ჰქონდა.