საზოგადოებამ გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა - წილოსანი ელისაშვილ-ხაზარაძეზე

პუბლიკა

„სამწუხაროდ, საზოგადოებამ გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ნახა. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს – ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან ტრიპაჩი“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში მომხდარ დაპირისპირება.

„არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა იყო ის, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ.

„სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს და რეალობას, რის წინაშეც ოპოზიცია დგას, აშუქებს და გამოხატავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა.

წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დარჩა, რომ დესტრუქციის ფორმატში იყოს და მსგავს არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აგრძელებდეს.

„მძიმე პანდემიის პირობებში არასახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებენ, რჩებიან ბოიკოტისა და დესტრუქციის რეჟიმში, რაც აჩვენებს, რომ ისინი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავენ“, – აღნიშნა წილოსანმა.


გუშინ, 19 იანვარს „ღამის კურიერში” ერთმანეთს „მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილი და „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისკენ ფიზიკურადაც გაიწიეს.