საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ინტერესები დგას NGO-ების უკან - პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“დაანონსებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, მისი აზრით, გავლენის აგენტებად წოდებასთან დაკავშირებით არასწორი ინტერპრეტაცია გაჩნდა ისეთი აღქმით, თითქოს ჯაშუშებს უწოდებენ ვინმეს.

„თითქოს ვიღაც ცხადდება აგენტად, აქ არის ტერმინების აღრევა მემგონი, რომ თითქოს ჯაშუშად ვაცხადებთ. ჯაშუშად ხდება აგენტობის გადმოთარგმნა. ეს შეიძლება სენსიტიური თემა იყოს ზოგადად, მაგრამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება, თანაც იმ ჯგუფისგან, რომელიც ითხოვს აბსოლუტურ გამჭვირვალობას სხვებისგან, როგორ შეიძლება უარზე იყოს, რომ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი იყოს მათ მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იმ სფეროში, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო სექტორი ერთვება პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ინტერესებით მოქმედებენ ის ჯგუფები, ვისაც მათ ცხოვრებაზე ზეგავლენა აქვს.

„პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირების და მისი მიღების პროცეში გამჭვირვალობა გულისხმობს, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ხალხი ვინც იღებს გადაწყვეტილებას და აქვს ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე, იცოდეს ის ხალხი რა ინტერესებით მოქმედებს.

ამიტომ არის, რომ პოლიტიკურ პარტიებს გვაქვს ვალდებულება, რომ ყველა შემოწირულება, ყველა ხარჯი დეტალურად წარვადგინოთ შესაბამის უწყებაში. პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს ასევე აქვთ ვალდებულება, რომ პერსონალურად მოახდინონ მთლიანად მათი შემოსავლის დეკლარირება. იმიტომ, რომ არსებობს დემოკრატიული პრინციპი – საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ინტერესებით მოქმედებენ ისინი, ვისაც გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე“, – თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თავისი ფინანსების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს, თუმცა დიდი ნაწილის ფინანსები არ არის გამჭვირვალე, არადა მისი თქმით, არსებობენ ისეთი არასამთავროებიც, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებული.

„აქ არაფერია ცუდი. მაგალითად, პარტია რომ აცხადებს ვინ აფინანსებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცუდია დაფინანსება. ის უბრალოდ აცხადებს ვინ არის დამფინანსებელი და შემდეგ საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას.

სხვათაშორის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ ინფორმაციას აქვეყნებს კიდეც. რადგან ეს თავისთავად ცხადია, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე. თუმცა არის დიდი ნაწილი, რომელიც არ აქვეყნებს და არ ვიცით, ამა თუ იმ ორგანიზაციის უკან რა ფინანსებია – არის ეს პოლიტიკური ფინანსები, არის ეს ეკონომიკური დაინტერესება და სხვ. ჩვენ ვიცით პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

მათ შორის, კეზერაშვილმაც ღიად განაცხადა, რომ ის აფინანსებს არასამთავრობო სექტორს და ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ სად არის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებისთვის, როცა არიან ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ კონსულტაციებში თუ გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში, ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე და საზოგადოებამაც იცოდეს“, – თქვა პაპუაშვილმა.