„ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის რჩევაა, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილოს შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ ორგანიზებულ შეტევაზე, რაც ხორციელდება მსოფლიოს მასშტაბით. მან ზუსტად იცის, საიდან მოდის ამის ორგანიზება და ეს აქტივობები”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მის წერილობით კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საჭიროა მკაფიო პასუხი. გია ვოლსკის განმარტებით, პრეზიდენტი ორაზროვან განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამას უკავშირდება აქციის ჩატარება.
„არც ჰუმანიტარული, არც ადამიანური, არც მორალური ნაწილი არ არის საფუძველი, რომ მის მიერ შეწყალებული იყოს სააკაშვილი. სამართლებრივ ნაწილზე სასამართლო აგებს პასუხს. რაღაც დეტალებზე კამათი და არგუმენტების მოყვანა შეიძლება, მაგრამ დღეს გამოვიდა ის ხალხი, რომელთაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებული ორაზროვანი განცხადებების გამო, გარკვეული ეჭვები დაებადა. ამ ეტაპზე სწორედ ამას სჭირდება პასუხი და ვრცელი განმარტება. ამ ადამიანმა ადამიანები აწამა და მმართველობის, თუ ადამიანური ურთიერთობების ყველანაირი ნორმა დაარღვია.
მის მიერ გაკეთებული განცხადებები გარკვეულ ორაზროვნებას შეიცავს და ამას უკავშირდება მიტინგიც. არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული, ესაა საკმაოდ მძლავრი და კარგად დაგეგმილი შეტევა პრეზიდენტზე, მათ შორისაა მისი ბულინგი. ბულინგის ავტორთა აზრით, ბულინგმა უნდა განაპირობოს გადაწყვეტილების მიღება. თუ ამაზე გააკეთებს აქცენტს, უკეთესი იქნება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ამასთან, გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან რუსულ სოფელთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადება უსაფუძვლოა.
„რაც შეეხება მის განცხადებას რუსულ სოფელზე და თითქოს „ქართულ ოცნებას“ წვლილი მიუძღვის იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაში, ვისაც თავზე გადაუარეს, მათი ოჯახის წევრების სისხლი ღვარეს, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადებები ყოვლად უსაფუძვლოა. ეს განაპირობებს, რომ საზოგადოებას ეჭვები აქვს და ამას სჭირდება უფრო მკაფიო პასუხი, არა გაკაპასებული ჩვეულებრივი მოქალაქის, ამას სჭირდება პრეზიდენტის პასუხი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.