პარტია „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ჰომოფობიურ ინიციატივას მიღება არ უწერია.
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ წარმოადგინა ადამიანი, რომელიც შეწუხებული იყო ამ პრობლემით და ბავშვობაში რამე უბედური შემთხვევა დაემართა ლგბტ პროპაგანდის გავლენით. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 ადამიანის ხმა სჭირდება, „ნაცების“ მხარდაჭერა აუცილებელია. არ ვიცი, „ნაცები“ წარმოადგენენ თუ არა ასეთ ადამიანს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მიღება არ უწერია იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ დაზარალებული პირები არ არიან წარმომადგენლები და საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ეს თემა”. – თქვა მან.
„თუ „ქართული ოცნება“ სულში ჩამწვდომი მზერით მეტყვის – თქვენ არ იცით, რა საფრთხეს ვებრძვით ახლა, მე შემემთხვა ეს საფრთხე და თავის დროზე რომ არ იყო აკრძალული ლგბტ პროპაგანდა, ამან ჩემი ცხოვრება ცუდისკენ შეცვალა. როცა ამას იტყვიან, მერე ვეცდები, მათ მდგომარეობაში შევიდე და წარმოვიდგინო, რა უბედურება შეიძლება, დაემართოს ადამიანს ლგბტ პროპაგანდის შედეგად. მე ასეთი ტიპის საფრთხე არ მემუქრება და არასდროს მიმაჩნდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად, ვისაც ლგბტ პროპაგანდის შედეგად რამე შეეცვლებოდა“ – უთხრა ჟურნალისტებს ხვიჩიამ.
ჰომოფობიურ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დღეს, 25 მარტს წარადგინა, მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
თუმცა, ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს.
კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.