საზოგადოებას შესწევს ძალა კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს „რუსულ კანონს“ - კლუბი KHIDI

პუბლიკა

კლუბი KHIDI ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააინიციირეს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიაა და ყოველდღიურად თავისუფალი აზრის გამტარი ფიზიკური პირების, მედიებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების რეპრესირების მექანიზმია.

დღეს, როდესაც საქართველოს რეალური შესაძლებლობა ენიჭება, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და შეძლოს მრავალწლიანი მიზნის რეალიზება, ხელისუფლება „რუსული კანონის“ დაინიციირებით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს.

ერთიანი ბრძოლით საზოგადოებას შესწევს ძალა წინ აღუდგეს ხელისუფლების მორიგ უხეშ მცდელობას კონსტიტიუციით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფისა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ „რუსულ კანონს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.