საზოგადოების აღშფოთების ფონზე ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი პოზიციის დატოვებაა - ხასია

პუბლიკა

ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი, თემურ ხასია თანამდებობას ტოვებს. როგორც ხასიამ „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა, გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო მიიღო.

„ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“, – ეს პოსტი Facebook-ზე ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა, თემო ხასიამ დაწერა. ხასია საქართველოში 13 თებერვალს ღამით მომხდარ 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრას გამოეხმაურა.

„ჩემი გუშინდელი პოსტი იყო ჩემი მხრიდან, ბუნებრივია, იუმორის თვალსაზრისით გაჟღერებული, თუმცაღა საზოგადოების მხრიდან აღშფოთერბა აბსოლუტურად მესმის და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ვიზიარებ მათ დამოკიდებულებას და ბოდიშს ვუხდი თითოეულ მათგანს.

ნამდვილად არ მქონდა ბოროტი განზრახვა. შესაბამისად, საზოგადოების აღშფოთების ფონზე ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი ჩემი მხრიდან, მე ვფიქრობ, იქნებოდა ჩემი სამსახურებრივი პოზიციის დატოვება. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მე გუშინვე გადავდგი“, – უთხრა მაუწყებელს ხასიამ.

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება და კრიტიკა მოჰყვა. საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. ამ სტატუსიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თემურ ხასიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამჟამად ხასიას ფეისბუქგვერდიც აღარ იძებნება.