საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით ხელისუფლება „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ესხმის თავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და მათგან „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს.

NGO-ების განცხადებით, ამჯერად თავდასხმის ობიექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გახდნენ. ამ თავდასხმებით კი ხელისუფლება ცდილობს საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით.

„აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება.

სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს.

მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“
  • „უფლებები საქართველო“
  • „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD)
  • „მწვანე ალტერნატივა“
  • „სასამართლოს გუშაგი“
  • „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF)
  • „დემოკრატიის მცველები“
  • „ლიბერალური აკადემია თბილისი“
  • „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (სოვლაბი)
  • „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • „ღია სივრცე კავკასია“ (COS)
  • „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ (CMIS)
  • „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
  • „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC)
  • „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI)
  • „ფრანკლინის კლუბი“