საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შესაძლებელია, კონდიციონერის ჩართვა დასაშვები გახდეს

პუბლიკა

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა ანა კასრაძემ დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერის ჩართვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უახლესი გაიდლაინი დაიდო 22 ივნისს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, სადაც ნათქვამია, რომ კონდიციონერის ჩართვა ღია ფანჯრების ფონზე საშიშროებას არ წარმოადგენს.

ხათუნა ზახაშვილმა კი განაცხადა, რომ კონდინციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი.

„დიახ, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული რეკომენდაციები უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზეც. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, რომელიც მისაღებია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მიუთითებენ, რომ ტრანსპორტში უმეტესად გამოყენებულია კონდინციონერები, რომლებიც გარე სისტემებზე მუშაობენ. ერთმნიშვნელოვანი მითითებაა, რომ კონდინციონერებში გამოყენებული ფილტრები უნდა იყოს ახალი გამოცვლილი ან სათანადოდ გასუფთავებული. კონდინციონერის ჩართვის შემთხვევაში, თუ ეს რეგულაციები გავრცელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, ფანჯრები უნდა იყოს ღია და ადამიანებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ ნიღაბი, ეს დარჩება ჩვენ რეკომენდაციად,“ – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.