საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში გაერთიანებული ჯგუფების წარმომადგენლებმა მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართეს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია.
„დე ფაქტო ხელისუფლება, რეპრესიული კანონების მიღებითა და ზღვარგადასული ძალის გამოყენებით, მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და მიმდინარე მასობრივი პროტესტი, რომელიც გამოიწვია რეჟიმის მიერ ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევამ. სახელმწიფო ინსტიტუციები, მათ შორის, სასამართლო ქცეულია პოლიტიკური დაკვეთის ინსტრუმენტად”.
განცხადებაში ხაზგასმულია საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებზე მიზანმიმართული ძალადობა, ასევე დაკავებული ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და აფგან სადიგოვის შიმშილობა.
ასამბლეა ხაზს უსვამს რუსული კანონის შემდეგ მედიებისთვის შექმნილ ფინანსურ პრობლემებსაც, რის გამოც ზოგიერთ მედიას მუშაობის შეჩერება მოუწია. აღნიშნულია ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ტელეეთერიდან ჩახსნაც.
„ჩვენ, საქართველოს საზოგადოებრივ ასამბლეაში (https://www.geoasamblea.org/) გაერთიანებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები, მოგიწოდებთ მედიის უფლებების დამცველ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, მისცეთ მკაფიო შეფასება საქართველოში დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მიმართ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ კანონდარღვევებსა და მიზანმიმართულ დევნას.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთარსებული ყველა ლეგიტიმური საშუალება პოლიტიკური მოტივით დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისა და აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეების დაუყოვნებლივი გამოძიების მიზნით და ამ გზით გამოხატოთ სოლიდარობა კოლეგების მიმართ”. – ნათქვამია განცხადებაში.