ტელეკომპანია „ფორულას“ საზოგადოებრივი მაუწყებელი მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
პირველი არხის საჩივარი ეხება გადაცემა „ფსკერის“ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სკეტჩს.
როგორც „ფორმულა“ ავრცელებს, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიისთვის მიწერილ საჩივარში საზოგადეობრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ მიუღებლად მიაჩნიათ პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც „იუმორის“ სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება.
“მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის „ახალი დღე“ უნიჭო იმიტაცია, განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და „არაიუმორისტული“ ფორმით, გადაცემა „ფსკერის“ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი. ნდობა – ეს არის ერთერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – აღნიშნულია საჩივარში.
გადაცემა „ფსკერის“ წამყვანი ნიკა ქავთარაძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ ამ საჩივრით საზოგადოებრივი მაუწყებელი იუმორის, სარკაზმის, პაროდიის სანქცირებას მოითხოვს. ის ამბობს, რომ თუ კომისია პირველი არხის საჩივარს დააკმაყოფილებს, ეს იქნება დარტყმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც ყველა მედიისთვის სახიფათო იქნება.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, ეს საკითხიც იქნება განხილული.