საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებელი, დღის ეთერის გახსნის შესახებ, საზოგადოებრივი ჯგუფების მოთხოვნას განცხადებით პასუხობს.

მაუწყებლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია და დაუშვებელია მასზე დემოკრატიის სახელით ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ზეწოლა, რამდენადაც მას აქვს პროფესიული ვალდებულება, დამოუკიდებლად დაგეგმოს ფორმატები და სამაუწყებლო ბადე.

მოვუწოდებთ საინიციატივო ჯგუფს, შეწყვიტონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ზეწოლა – მაუწყებელი იქცეს მხარედ, პოლიტიკურ აქტორად და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც არ არის მისი ფუნქცია ან ვალდებულება.“

განცხადების მიხედვით, არხის პოზიციაა, რომ „საინფორმაციო სამსახური ყოველდღიურად განაგრძობს სპეციალურ რეჟიმში მუშაობას, როგორც დღის, ასევე საღამოს ეთერში, ხოლო საინიციატივო ჯგუფს აქვს შესაძლებლობა, მათ მიერ შერჩეულმა საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველი არხის ეთერში ისაუბრონ მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.“

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მორიგი აქცია გაიმართება. საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები დღის ეთერის გახსნას მოითხოვენ.

23 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა (79 თანამშრომელი) ტელევიზიის შენობასთან ბრიფინგზე, განცხადება წაიკითხეს და არხის მენეჯმენტს მოუწოდეს, „ამ კრიტიკულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი”.

მათი თქმით, არაერთი საჯარო მიმართვის თუ ოფიციალური წერილის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკური მიზეზით ეთერს არ ხსნის, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ნების შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

„ვითხოვთ საქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. ჩვენ მივმართეთ ასევე წერილობით და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ვცადეთ, მენეჯმენტი დღემდე გვეუბნება ამაზე უარს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი უარს ამბობს ამ ეთერის გახსნაზე, არის ტექნიკური. მაგრამ ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ მონდომების შემთხვევაში, ნების შემთხვევაში ტექნიკურად დღის რამდენიმესაათიანი ეთერის უზრუნველყოფა ამ არხზე შესაძლებელია”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა, თამარ მშვენიერაძემ.