„საზოგადოებრივი მაუწყებელის მცველების“ ცნობით, კახა მელიქიძე მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

პუბლიკა

„საზოგადოებრივი მაუწყებელის მცველების“ ცნობით, ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე 2026 წლის 1 იანვრიდან მაუწყებლიდან გაათავისუფლეს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიხედვით, კახა მელიქიძის გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევაა, რაც „მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში“ გამოიხატა.

„წინასაახალწლოდ თინათინ ბერძენიშვილმა საზმაუს კიდევ ერთი მცველი, რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლა სამსახურიდან. შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ისაუბრა იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა“, – წერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ და გატავისუფლების ბრძანებას ავრცელებს.

3 თებერვალს გამართულ ბორდის სხდომაზე რეჟისორმა კახა მელიქიძემ მოყვა, როგორ ერეოდნენ მის საქმიანობაში, სთხოვდნენ მატჩის მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ჩვენებას. მისივე თქმით, თითქმის ერთი წლის მანძილზე, ეროვნული ნაკრების გაზაფხულისა და შემოდგომის თამაშებზე, როგორ დაჟინებით ითხოვდნენ მისგან ტრიბუნებზე მყოფი ირაკლი კობახიძის რამდენჯერმე ჩვენებას ეთერში.

23 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩის რეჟისორი კახა მელიქიძე არ იქნებოდა.

არხის მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა რუსუდან მანჯგალაძემ მაშინ განმარტა,  რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს თურქულ კომპანიასთან, რომელიც აკმაყოფილებს UEFA-ს მიერ დადგენილ სტანდარტებს და აღნიშნული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მანჯგალაძე შეკითხვის ადრესატად თავს არ მიიჩნევდა.

„ეს თურქული კომპანია დამოუკიდებლად ქირაობდა კახა მელიქიძეს, ან არ ქირაობა კახა მელიქიძეს. შესაბამისად, მათ უნდა მიმართოთ, ამჯერად რატომ არ იქირავეს მათ კახა მელიქიძე”, – განმარტა მან.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალსიტები ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა.