„საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები" გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

პუბლიკა

მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენას მოითხოვს.

ისინი ამბობენ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ და ვერ ასრულების თავის, კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს”.

„გუშინდელ დღემდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი იმისთვის, რომ შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს”. – აცხადებენ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მცველები.

ისინი არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვენ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას უცხადებენ მოკვლევას და მის შედეგებს.

„დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას „მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და „რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემა იყო, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.

ჩვენ საზმაუს მცველები ვითხოვდით და ვითხოვთ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში ცარიელ სატელევიზიო ბადეში დღის ეთერის შექმნას, ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ არხზე ისმოდეს კრიტიკული ხმა, მოსაზრებათა მრავალფეროვნება, ჯანსაღი დისკუსია, სოციალური საკითხები რომ არხზე ჩანდეს უფლება აყრილი და ნაწამები ადამიანების სახეები და ისმოდეს მათი ხმა. ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიანი და პროფესიული ჟურნალისტიკის აუცილებლობაზე – ამის საპასუხოდ მივიღეთ, ზეწოლა, დაშინება, დევნა! არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!”, – აცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.