შსს-ს ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი – 1992 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა – გ.მ.-მ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.
„პირველი არხის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილ დაზიანებები თვალებსა და თავის არეში აქვს მიყენებული, ასევე აქვს ტვინის შერყევა.
„ათამდე ადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე. მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მხედველობის პრობლემა არ მექნება. რაც შეეხება გამოძიებას, ველოდები, რომ გამომკითხავენ, დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკა“, – განაცხადა თვალიაშვილმა კლინიკის დატოვებისას.