საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

საზოგადოებირივ მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმაში კიდევ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებული – 1987 წელს დაბადებული გ.წ. პოლიციამ დღეს დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”, – ნათქვამია განცხადებაში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:

• ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 24 პირი;

• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.