საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვენ. მათ დღეს განცხადება პირველი არხის შენობასთან გააკეთეს.
საბჭოს წევრები მხარს უჭერენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღის ეთერის გახსნას.
„ვინაიდან, არც შეხვედრაზე დასმულმა საკითხმა, არც ოფიციალურმა წერილმა არ გაჭრა, ამიტომ ჩვენ შევიკრიბეთ აქ, ტელევიზიის წინ და საჯაროდ კიდევ ერთხელ, ვითხოვთ სამეურვეო საბჭოს შეხვედრას. ღია შეხვედრას, ბუნებრივია, სადაც ასევე, იქნებიან დაინტერესებული პირებიც, ისინიც გამოხატავენ თავის გულისტკივილს, ასევე ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრას გენერალური დირექტორი დაესწროს, რომელმაც ვფიქრობ, უნდა გვითხრას რა არის დღევანდელი მდგომარეობა, როგორია მისი პოზიცია, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ არ იხსნება შუა დღის ეთერი. არის პოზიცია, რომ თითქოს ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მაშინ როდესაც ტექნიკური პერსონალი, ხელმძღვანელობა, რომელსაც ევალება ამ საკითხის მოგვარება პირდაპირ ამბობს, რომ არ არის არანაირი პრობლემა და ძალიან მარტივია გავიდეს ის გადაცემები, რომლებიც შუა დღეს გადიოდა და ასევე, დამატებით თუ რამეა საჭირო, იმისთვის რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული“, – თქვა ლაშა ტუღუშმა.
გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე დაიგეგმა, რომ დღეიდან ტელევიზიის შენობის წინ მოეწყობა „სახალხო ტელევიზია“ და ის ისაუბრებენ იმ თემებზე, რომელთა განსახილველად არხი ეთერის გახსნას ითხოვენ.
„დღის ეთერი გაიხსნას, ღია ეთერი უნდა იყოს ეს, ეს უნდა იყოს დღის ერთი, მითუმეტეს რომ ტექნიკური სტაფი ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა ტექნიკურად დღეს თავისუფლად არსებობს, მაშინ ისმის კითხვა, რაშია საქმე, ვის არ უნდა, რომ აქ გაიხსნას ღია, საჯარო დისკუსიები ჩვენთვის ყველასთვის მტკივნეულ საკითხებზე ასეთი პოლიტიკური კრიზისის პირობებში“, – თქვა ჟურნალისტებთან ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა [79 თანამშრომელი] პოლიტიკური დისკუსიებისთვის დღის ეთერის გახსნა მოითხოვა. 23 დეკემბერს, 13:00 საათზე მათ ტელევიზიის შენობის წინ განცხადება წაიკითხეს და არხის მენეჯმენტს მოუწოდეს, „ამ კრიტიკულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი”.
იმ შემთხვევაში, თუ არხი გამოეხმაურება საბჭოს შეხვედრის დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მასალა განახლდება.