თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი არხი” ავრცელებს.
მაუწყებლის კუთვნილი ქონება, ფასით 65 000 000 ლარი, აუქციონზე სარეალიზაციოდ პირველ სექტემბერს იყო გატანილი. გარიგების შეთავაზება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს ელექტრონული აუქციონის მეშვეობით მოხდა.
„აუქციონზე გამოტანილი იყო 33 209 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 23 649 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობები. აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, 12:00 საათამდე ჰქონდათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა კი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში განთავსდება. მშენებლობა დაიწყო 2020 წლის დეკემბერში და სრულდება 2023 წლის დეკემბერში.