საზოგადოებრივი ორგანიზაციები მერიას: მოვითხოვთ, ბათილად ცნოთ განაშენიანების რეგულირების გეგმა

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს და მერიას საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პროფესიული წრეები, ელბაქიძის აღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო, ღია წერილით ​მიმართავენ.

ორგანიზაციები მერიისგან განაშენიანების რეგულირების გეგმის ბათილად ცნობას მოითხოვენ.

 „სს „სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასში დაცული ძეგლების სივრცით არქიტექტურულ გარემოს.

მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაც დამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი თბილისის ისტორიული ნაწილისათვის.

ამ მასშტაბის ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთთქმული, ეწინააღმდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას.

პროექტის მოცულობამ და თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტთან მისმა შეუთავსებლობამ, მანამდეც არა ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება.

ქალაქის მერსა და საკრებულოს, 2020 წლის ბოლოს, პირველი ღია წერილით მივმართეთ. მაშინ პროექტის შეჩერებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროფესიული არგუმენტაცია, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოსთვის, მნიშვნელოვანი გახდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თუმცა, არსებითი ცვლილების გარეშე, ხელახლა წარმოდგენილი პროექტის გეგმარებითი დავალება მაინც დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მრავალფუნქციურ, კომერციულ კომპლექსს სს „სილქნეტი“ მათ შორის, 4, 12 და 25 სართულიანი შენობების მეშვეობით განახორციელებს.“ – ვკითხულობთ წერილში.

წერილს ავტორები მერიას მიმარავენ და პროექტის გენგეგმის ბათილად ცნობას მოითხოვენ.

„წინამდებარე წერილით მოვითხოვთ, არ მისცეთ სს „სილქნეტს“ თბილისის ისტორიული ნაწილის განადგურების უფლება: ბათილად ცნოთ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რათა პროექტს არ მიეცეს მსვლელობა სანებართვო პროცესის შემდეგ სტადიებზე;

პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით, უზრუნველყოთ ტერიტორიისთვის ჩარჩო–დოკუმენტის მომზადება, რომელიც ინვესტორს ისტორიული ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე განუსაზღვრავს განაშენიანების ძირითად პარამეტრებს და ქალაქგეგმარებით მახასიათებლებს.“

იხილეთ ხელმომწერთა სია ბმულზე.