„აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – ამ ლოზუნგით აანონსებენ აქციას მწვანე მოძრაობის სამოქალაქო აქტივისტები. როგორც Facebook-ღონისძიებიდან ვიგებთ, საპროტესტო აქცია 25 იანვარს, 16:00 სთ-ზე, მთავრობის კანცელარიის შენობასთან იმართება.
„საკოორდინაციო საბჭოს არგუმენტი, რომ საჯარო ტრანსპორტის აკრძალვა ამცირებს ადამიანების მობილობას გაუგებარია, რადგან კერძო ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა დაშვებულია, ამასთან მოლებისა და სავაჭო ცენტრების გახსნა ნება დართული გახდა. ეს ყველაფერი იძულებულს ხდის ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს კერძო ავტომობილი, რაც ზრდის ქალაქში ავტომობილების რაოდენობას, შედეგად კი ვიღებთ საცობებს, ხმაურსა და კიდევ უფრო მეტად დაბინძურებულ ქალაქს“, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
ისინი აღნიშნავენ, რომ ყველა მოქალაქეს არ ჰყავს ავტომობილი და არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტაქსებით იაროს, რაც, მათივე თქმით, პირდაპირ უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობაა.
„ასევე საგანგაშოა ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს მთავრობა არ აღიარებს მენტალურ ჯანმრთელობას, როგორც პრობლემას. 21:00 ზე გამოკეტილი ადამიანები, რომელბიც ეკონომიკურადაც უფრო ღარიბდებიან ერყევათ ფსიქიკური ჯანმრთელობა!“, – აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
მათივე თქმით, უამრავი კვლევის თანახმად, საჯარო ტრანსპორტში კოვიდ-19-ს გადადების რისკი მინიმალურია, შესაბამისად სტატისტიკურადაც საჯარო ტრანსპორტში დაინფიცირების წილი საკმაოდ დაბალია და 1%-ს გარშემო მერყეობს.