საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან - ჩიქოვანი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, „ეს დაკავშირებულია ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის იმის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.