საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ლაშა მესხთან დავა წააგო და კომპენსაცია გადაუხადა

პუბლიკა

უზენაესმა სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტის, ლაშა მესხის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ძალაში დატოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ბოლო ინსტანციის  სასამართლომ ლაშა მესხის გათავისუფლებაზე პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მესხისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ლაშა მესხის თქმით, უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო და მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მისივე თქმით, მაუწყებელმა მას კომპენსაცია გადაუხადა.

ლაშა მესხი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2014 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის მაისში განმცხადებელმა დააფუძნა პროფესიული კავშირი და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ, ხშირად, საჯაროდ კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამდა.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ განმცხადებელთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც მოპასუხემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დაასახელა.

ლაშა მესხის ინფორმაციით, მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად „მოამბის“ ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ განმცხადებლის კვალიფიკაცია დაასახელა. ლაშა მესხი ამ ფაქტს დისკრიმინაციად აფასებდა.

მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირთა გაერთიანება იცავდა.