საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადაცემა „რეალური სივრცის” თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტის შეთავაზებას არ დაეთანხმნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მაუწყებელმა 5 თანამშრომელი – გადაცემის პროდიუსერი ქეთი კაპანაძე, რედაქტორი ტუხა კვინიკაძე და ჟურნალისტები სოსო კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე და ომარ წოწორია 13 მაისიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას „პუბლიკასთან” ტუხა კვინიკაძე ადასტურებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა.
5 მაისს გადაცემა „რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდის წევრებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება – არ მოაწერონ ხელი ხელმძღვანელობის შეთავაზებას. ეს კი, მათი განცხადებით, ნიშნავს, რომ არხი მათთანაც გაწყვეტს შრომით ხელშეკრულებებს.
გუნდის განცხადებით, 30 აპრილს მენეჯმენტმა მათ აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუშვეს, აღარ იგეგმებოდა გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება. თანამშრომლების თქმით, საზმაუმ გადაწყვიტა დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და გადაანაწილოს ისინი მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის. იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.
გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.
პირველ მაისს ნინო ზაუტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის გადაცემას ხურავდნენ.