„ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ფიქრობს, რომ კულტურის მიმართულება ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს, რადგან, მისი თქმით, კულტურა მრავალმხრივი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მან დღეს მედიასთან აღნიშნა, რომ, საჭიროა, კულტურის სამინისტრო ცალკე არსებობდეს.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რატომ ფიქრობს ასე, ბოლქვაძე პასუხობს:
„არსებობდეს, როგორც იყო ადრე, რომელსაც ჰყავდა ოთარ თაქთაქიშვილი, რომელსაც ჰყავდა ძალიან ძლიერი კულტურის წარმომადგენლები…
რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ კარგად უნდა იფუნქციონიროს იმ მუხტმა, რაც არის საქართველოს მთავარი ფარი, ერთ-ერთი მთავარი ფარი. საქართველო მოვიდა ამდენი ხანი აქამდე თავისი რელიგიით, თავისი კულტურით, თავისი სულიერებით.
ეს აუცილებლად ყურადღებამისაქცევია და აუცილებლად უნდა მოხდეს ის, რომ შემუშავდეს კიდევ, COVID-იდან გამომდინარე, ამ უბედურებებიდან გამომდინარე, ახალი გამოწვევების წინაშე დგას ყველა დარგში ქვეყანა, ამიტომ, აქაც უნდა მოვახერხოთ ის, რომ არ აღმოვჩნდეთ ერთ მშვენიერ დღეს საშინელი ფაქტის წინაშე“, – განაცხადა ბოლქვაძემ „პუბლიკასთან“.
„პუბლიკის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, სამინისტროების გაერთიანებაში არსებული კულტურის მიმართულება ვერ ახერხებს სათანადოდ მუშაობას თუ რატომ ფიქრობს ასე, ბოლქვაძე პასუხობს:
„რთულია ეს იმიტომ, რომ თვითონ არის თემა კულტურა იმდენად მისახედი საერთოდ, იმდენი რაღაცები შედის კულტურულ დიპლომატიაში, კულტურას ბევრი რამ შეუძლია, შეუძლია, ბევრი ფუნქცია აიღოს თავის თავზე…
ეს იმდენად რთული თემაა, სჭირდება ადამიანების ცალკე ენერგეტიკა. იმიტომ კი არა, რომ კულტურის სამინისტრო ცალკე იყოს, არ არის ეს თემა. თემა არის ის, რომ ეს მოხდეს ისე, რომ გაკეთდეს ქვეყნისთვის სასარგებლო მსვლელობები და ეს იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი ორგანიზმი, რომელიც მოემსახურება ქვეყანას“, – განაცხადა ბოლქვაძემ.