სებ ფულის გათეთრების საქმეზე: ვთანამშრომლობთ უწყებებთან და ჩართული ვართ საგამოძიებო პროცესში

პუბლიკა

2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

პროკურატურის განცხადებით, სუსთან ერთად 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი ადამიანი.