სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა გახდნენ.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მიქაბაძისა და გალდავას კანდიდატურებს პარლამენტმა 7 წლის ვადით დაუჭირა მხარი.

„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე მიქაბაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ის ეკონომიკური ანალიზისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებას უძღვებოდა. მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. მანამდე კი, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში. მუშაობდა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ეკატერინე გალდავას მრავალწლიანი გამოცდილება აკავშირებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და მონეტარული ოპერაციების დეპარტამენტში, იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის საქართველოს ოფისში. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ეკატერინე გალდავას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში მაღალი პოზიციები ეკავა”. – ნათქვამია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია თურნავას სკანდალური ბრძანებულების შემდეგ დემონსტრაციულად დატოვა პოსტი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალა.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.