სებ უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის 

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 400 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვერ აიღებენ. აქამდე ეს ზღვარი 300 ათასი ლარი იყო.

ცვლილება ძალაში 1 მაისიდან შევა.

სებ აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯია.

„სტაბილურია ლარის ფონდირების ზრდა და ბანკებს აქვთ საკმარისი ლიკვიდობა, რომ შეუფერხებლად დააკრედიტონ ადგილობრივ ვალუტაში. ამასთან გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ფონზე, შემცირებულია მოთხოვნა უცხოური ვალუტის სესხებზე”. – აცხადებს ეროვნული ბანკი.