სემეკი „თელმიკოს“ მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადს შეისწავლის

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ („თელმიკო“) მიერ ივლისში აბონენტებზე დარიცხული გადასახადს შეისწავლის.

კომისიის განცხადებით,  ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილა. მათი თქმით, მოკვლევის შემდეგ ზედმეტობით დარიცხული თანხების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს დაუკორექტირდებათ გადასახადი.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებმა უკვე გადაიხადეს ზედმეტობით დარიცხული გადასახადი, დაკორექტირებული თანხა აისახება მათ სააბონენტო ბარათზე. კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია კომპანიის მიერ მოქალაქეებზე გადასახადის ზედმეტობით დარიცხვა. მოკვლევის შედეგად ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სემეკი კომპანიის მიმართ იმოქმედებს მკაცრი, კანონშესაბამისი ზომებით“, – ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში.

კომისია „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ მოუწოდებს, გადაამოწმოს აბონენტებზე დარიცხული თანხების სისწორე.

კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდნენ სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).

ასევე, მოქალაქეებს სემეკთან დაკავშირება შეუძლიათ სოციალურ ქსელში – www.facebook.com.gnerc.