სემინარებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც დაშვებულია - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრება PCR-ტესტებთან ერთად სწრაფი ტესტებითაც დაშვებული იქნება.

„სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს სექტორთან. შეიძლება რაღაცა დაზუსტებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული.

ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო PCR-ზე. ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას“, – განაცხადა თურნავამ.

16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდოდა მთავრობის დადგენილებაში და 19 ივლისიდან სემინარების, ტრენინგის, კონფერენციის გამართვა გარკვეულწილად შეიზღუდებოდა.

მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებით, აღნიშნულ ღონისძიებებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვები მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე უნდა ყოფილიყო. თუმცა, თურნავას თქმით, გადაწყვეტილება დაზუსტდა და PCR-ს, ე.წ. სწრაფი ტესტებიც დაემატა.