„სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს" | TI კორუფციის შესაძლო ნიშნების შესწავლას მოითხოვს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალო-საქართველოს” (TI) მოკვლევით, სენაკის საკრებულოს წევრმა, დათო ადამიამ და მისმა კომპანია – შპს „დაგიმ” 2011 წლიდან დღემდე ჯამში 87 ტენდერი მოიგო. ასევე მიიღო 80 გამარტივებული შესყიდვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 6 779 143 ლარი შეადგინა.

TI-ის შეფასებით, შპს „დაგის” ჩართულობა სენაკის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში, აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

„დათო ადამია სენაკის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან” 2017 წელს გახდა. იგი შპს „დაგის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია. „დაგი” სახელმწიფო შესყიდვებში 2015 წლიდან ჩაერთო. მანამდე, 2011 წლიდან დათო ადამია შესყიდვებში ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები, ასევე სენაკის სხვადასხვა საჯარო სკოლა.

შპს „დაგის” 56 მოგებული ტენდერიდან 25 სწორედ სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის, ხოლო 37 გამარტივებული შესყიდვიდან 17 შემთხვევაში შემსყიდველი სენაკის მუნიციპალიტეტი ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები არიან.

დათო ადამიას საკრებულოს წევრად არჩევის შემდეგ, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, შესყიდვებში მონაწილეობს მხოლოდ შპს „დაგი”. შპს-მ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ჯამში 3 301 213 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო, საიდანაც 2 635 441 ლარის კონტრაქტები სენაკის მუნიციპალიტეტსა და მის იურიდიულ პირებზე მოდის. შპს  „დაგიმ“ 42 ტენდერში გაიმარჯვა, ამათგან 22-ჯერ სენაკის მუნიციპალიტეტის ტენდერებში  (კონტრაქტების ჯამური ღირებულება – 1 570 154 ლარი). 22 ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტების დისკვალიფიკაცია, 5 შემთხვევაში კი შპს-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

შპს-მ მხოლოდ სენაკის მუნიციპალიტეტისაგან 13 გამარტივებული შესყიდვა მიიღო  (ხელშეკრულებების ღირებულება – 1 065 287 ლარი)”, – წერს TI.

„აქ არანაირი კორუფცია არ არის”, – ასე ეხმაურება „TV პირველთან” საუბრისას დათო ადამია TI-ის კვლევას:

„იმის პასუხად, რომ მე ვიგებ ტენდერებს, არ არის მთლად სწორი და ობიექტური ინფორმაცია, რადგანაც ტენდერებში მონაწილეობის უფლება ყველას შეუძლია, იგებს ის, ვინც აფიქსირებს დაბალ ფასს სხვასთან შედარებით, აკმაყოფილებს წარმოდგენილ პირობებს. აქ არანაირი კორუფცია არ არის. ნებისმიერს შეუძლია, საქმიანობით დაინტერესდეს თუნდაც, მოვიდეს, შეამოწმოს, გააკეთოს დასკვნები, ჩვენ მზად ვართ, გამჭვირვალედ ვითანამშრომლოდ ნებისმიერ უწყებასთან”, – აცხადებს ადამია.