სენაკში ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით, რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ „ოცნების“ მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
კერძოდ: ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშვნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამაჟორიტარო ოლქში დანიშნა, სადაც „ოცნებამ“ ოპოზიციის წევრს კრიმინალური სამყაროს ჩართულობით მანდატი დაატოვებინა.
აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახან გამოქვეყნდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ 2021 წელს, ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა.
აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც 5 თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის ცესკოს დამოუკიდებლობისა და საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებით.
პარალელურად „ოცნება“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აგრძელებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების მოსყიდვას, დაშინებას და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ჩართულობით მათზე ზეწოლას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას მოითხოვს.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 აგვისტოს, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და გაასაჩივრეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის №64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას მოითხოვს. საის-ს ცნობით, სასამართლო სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.