სენაკში, მარტვილსა და ჩხოროწყუშიც ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს ბიუჯეტი

პუბლიკა

დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების შემდეგ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები სენაკში, მარტვილსა და ჩხოროწყუშიც ძველმა საკრებულოებმა დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 10 მილიონ 604 ათასი ლარით განისაზღვრა.

2022 წლის ბიუჯეტზე მსჯელობდა დღეს მარტვილის საკრებულოც. ოპოზიცია მარტვილშიც აპროტესტებდა ძველი საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა განხილვა, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტი მარტვილის ძველი საკრებულოს შემადგენლობამ დაამტკიცა.


დღეს ბათუმსა და ზუგდიდში 2017 წლის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

ზუგდიდსა და ბათუმში საკრებულოების სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ზუგდიდში 2, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.