დასრულდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. შეერთებული შტატების სენატმა ის 6 იანვრის ამბოხების წახალისებაში უდანაშაულოდ ჩათვალა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ბრალდებას მხარი 100 სენატორიდან 57-მა დაუჭირა. 43 სენატორი კი წინააღმდეგი წავიდა. ბრალდების დამტკიცებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ამერიკის ისტორიაში დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. იმპიჩმენტის მეორე პროცესი სენატში სამშაბათს, 9 თებერვალს დაიწყო და 5 დღე გაგრძელდა. ბრალდებას და დაცვას დაახლოებით 16-16 საათი ჰქონდათ იმისთვის, რომ საქმე წარმოადგინათ.
დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოუცხადა. მაშინ პრეზიდენტის მიმართ წაყენებული იყო ძალაუფლების გადამეტების და კონგრესის შეფერხების ბრალდებები. საქმე ეხებოდა იმ პერიოდში დემოკრატების წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის საქმიანობის გამოძიებას უკრაინაში. ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და ბრალდების მიხედვით, ამერიკის დახმარების სანაცვლოდ, ჰანტერ ბაიდენის საქმის გამოძიებას ითხოვდა.
მაგრამ სენატმა, რომელიც მაშინ რესპუბლიკელების ხელში იყო, 2020 წლის თებერვალში მხარი დაუჭირა ტრამპის თანამდებობაზე დატოვებას. დღეს სენატს დემოკრატები აკონტროლებენ. ბრალდება ამჯერად 6 იანვარს კონგრესის შენობასთან მომხდარი ამბოხის წახალისებაა, რაც დამტკიცების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გამოიწვევს დონალდ ტრამპისთვის საჯარო თანამდებობის დაკავების სამუდამოდ აკრძალვას.