აშშ-ოს სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაინმა დღეს გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციის ლიდერების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ.
„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და შეწყვეტს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში. ეს ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც მონაწილეობდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას.
ჩვენ მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებულ ცვლილებებს, როდესაც მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი განაახლებს მუშაობას. ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედიის მფლობელის განთავისუფლებას, რომელიც დეკემბერში დააკავეს”, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მისი თქმით, ის არ იწყალებს სხვისი თხოვნით ან კარნახით.
„გადაწყვეტილება მივიღე, გამოვცე უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების აქტი. სანამ მათი შეწყალება შევა ძალაში, მინდა, მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც ჩემი დღევანდელი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს. სანამ ავხსნი ჩემს ამ ურთულესი გადაწყვეტილების მიზეზს, უნდა განვმარტო ყველას გასაგებად კიდევ ერთხელ შეწყალების არსი. არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში დღეს არ არსებობენ პოლიტპატიმრები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ ღამით დატოვეს.