სენატორები რიში და შაჰინი პარლამენტს რუსულ კანონზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას მეტად ყოფს. ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, კანონპროექტი არ მიიღონ.

„უკიდურესად იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობამ უცხოური აგენტების კანონი დააბრუნა. ეს მხოლოდ უფრო მეტად ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომელსაც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩასახშობად იყენებენ. დემოკრატიულ მთავრობას საქართველოში ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს.

საქართველოს მოქალაქეებმა 2023 წლის მარტში მასშტაბური დემონსტრაციებით უარი თქვეს ამ კანონზე. ეს კანონპროექტი არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს წაიყვანს არასწორი მიმართულებით, არამედ ზიანს მიაყენებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროკავშირში მის მომავალს. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი მაჩვენებელი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ წინადადებაზე”, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.