სენატორები რუბიოს მიმართავენ, რუსული აქტივები მოსკოვზე ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენოს

პუბლიკა

Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ, გაყინული რუსული აქტივები, რომელთა ღირებულება 300 მილიარდ დოლარს სცდება, უკრაინის დასახმარებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენოს. ამის შესახებ მედია წერილზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამერიკელმა სენატორებმა სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს გაუგზავნეს.

„რას ფიქრობს ადმინისტრაცია ყველა ფინანსური მექანიზმის მაქსიმალურად გამოყენებაზე, რათა ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა გაზარდოს. კონკრეტულად, მიიჩნევს თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ხელთ არსებული აქტივები უნდა გამოიყენონ რუსეთთან მოლაპარაკებებში ბერკეტად ომის დასრულების მიზნით? თუ კი, როგორ?”, – ნათქვამია წერილში.

მედიის ცნობით, წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი, ასევე, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენთალი და ტიმ კაინი. Reuters აღნიშნავს, რომ ეს წერილი იშვიათი მაგალითია, როცა გავლენიანი რესპუბლიკელები საჯაროდ მოუწოდებენ ტრამპის ადმინისტრაციას, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ.