მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ;
ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.
ერთი კვირის წინ, რესპუბლიკელმა სენატორმა რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჯინ შაჰინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილობით მიმართეს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.
„ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა, რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება გაატარებდა დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.
თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ“, – უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში გამართვაც იყო.
ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.
„ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს – NATO-სა და ევროატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა, ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, – თქვა მან.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან სენატორებთან შეხვედრაზე განიხილა ის საკითხები, რაზეც სენატორების წერილში იყო საუბარი.
„დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია ყველა იმ პროცესთან მიმართებაში, რაზეც არის საუბარი წერილში.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახდენს მაღალი სტანდარტის დემონსტრაციას, საარჩევნო პროცესთან და არჩევნების გამართვის მხრივ, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა უმაღლეს დონეზე გამართული არჩევნები. ბუნებრივია, ყველა რეკომენდაციას, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, გავითვალისწინებთ“, – აღნიშნა ზალკალიანმა.