„არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი დონე. თუ არ შევხვდები რომელიმე კონფერენციაზე ან ისეთ პირობებში, როგორც აქ როცა იყვნენ თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“. ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა გამოიყენეს ტერმინი „პოლიტპატიმარი“, მათ შორის, სენატორმა რიშმა, რას ნიშნავს ამ ტერმინის გამოყენება საქართველოსთვის და ჰქონდა თუ არა ამ თემაზე პირადი კომუნიკაცია სენატორებთან.
ზურაბიშვილის თქმით, ამის მიუხედავად, ის გეგმავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მეტი თავშეკავება მოითხოვოს, რადგან თავად პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ითამაშა როლი.
„მაგრამ მე ვაპირებ, რომ ძალიან კატეგორიულად, ახლა მაქვს ამისი ყველანაირი უფლება, რადგანაც მე ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო, გამონახოს თავისთავში თავშეკავება. ეს იქნება აუცილებელი. ამას მივყვები, ეს იქნება Twitter-ის პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებით კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დროს, არ ჰქონდა საშუალება, გაემყარებინა ხელისუფლების პოზიცია ევროპარლამენტარებსა და სენატორებთან და ყველას ჩართულობაა საჭირო, რომ პოლიტიკური პატიმრების თემაზე ხელისუფლების პოზიცია დაიცვან. მათ შორის, თავად პრეზიდენტისაც.
„პირველი, რომელმაც გამოთქვა ჩემი გამოსვლის მერე, რომ „გაათავისუფლე პატიმრები“ მიიღო პასუხი, მაგრამ ეს არ იქნება უკანასკნელი პასუხი“, – თქვა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.