სენატორი: რუსეთის ახალი სანქციების კანონპროექტს სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს

პუბლიკა

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ მას სენატის ფართო მხარდაჭერა აქვს კანონპროექტზე, რომელიც ეხება რუსეთისთვის ახალ სანქციებსა და ტარიფებს ქვეყნებზე, რომლებიც მისგან ნავთობს, გაზსა და სხვა პროდუქტებს ყიდულობენ.

გრემის თქმით, კანონპროექტით „დამამსხვრეველი“ სანქციები დაწესდება, თუ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში სერიოზულად არ ჩაერთვება.

სენატორი ამბობს, რომ მას 72 კოლეგის მხარდაჭერა აქვს.

Bloomberg-ის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, სანქციები მოიცავს 500%-იან ტარიფებს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, ბუნებრივ აირს ან ურანს ყიდულობენ.

„[ტრამპმა] ისაუბრა იმედგაცრუებაზე. მე მინდა ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები წარმოადგენს სენატის შეხედულებას, რომ მთავარი ბოროტმოქმედი რუსეთია“, – თქვა სენატორმა გრემმა.

გრემმა დაამატა, რომ პუტინი „უზარმაზარ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის გასულელებას შეეცდება, ამიტომ ეს კანონპროექტი ინსტრუმენტია აშშ-ის პრეზიდენტისთვის“.

სენატორის თქმით, მას საკმარისი მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაში იმისთვის, რომ სანქციების კანონპროექტი კენჭისყრაზე გადავიდეს.

ლინდსი გრემის აზრით, პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომ ან დაჯდეს ტრამპთან ერთად მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად ან რუსეთის ეკონომიკა „დაემსხვრეს“.