სენატორი კარდინი რუსულ კანონზე: შეიძლება ჰქონდეს გავლენა საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე

პუბლიკა

სენატორი ბენ კარდინი დღეს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განხილვაზე რუსულ კანონს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის იწვევს შეშფოთებას. სენატორის თქმით, ამასთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს ელჩს და გაუზიარა შეშფოთება, რომ კანონმა, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე.

„ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას და მის წინსვლას სწორი მიმართულებით, მაგრამ ეს ცალსახად არასწორი მიმართულებით სვლაა. ჩვენ მათ შევატყობინეთ, დავუკავშირდი მათ ელჩს და ვუთხარი ჩვენი შეშფოთება, რომ ამან შეიძლება საქართველოს სვლაზე და მის ევროპაში ინტეგრაციაზე გავლენა მოახდინოს”, – განაცხადა მან.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.