სენატორი რიში: გვარამიას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით შეეფარდა

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სენატორი ჯიმ რიში „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს რომ, ის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს.

„ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – „მთავარი არხის“ დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის“, – წერს ამერიკელი სენატორი.

ნიკა გვარამია მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით.