„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ სერიოზული შეშფოთების საგანია“, – ამბობს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.
Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სტატუსსა და ურთიერთობების განვითარებაზე ჰკითხეს.
ჯიმ რიშის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ძალაუფლების კონსოლიდაციის გზით გააგრძელებს სვლას, აშშ-მა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ.
„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ სერიოზული შეშფოთების საგანია. თუ მთავრობა ამ გზით სვლას გააგრძელებს, აშშ-მა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, თავდასხმები სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ცუდი ნიშანია ჩვენი ურთიერთობის მომავლისთვის. იმედი მაქვს, ის (ხელისუფლება) კურსს შეიცვლის“, – თქვა სენატორმა.
შეკითხვაზე, რა ეტაპზეა MEGOBARI აქტი, რიში ამბობს, რომ მისი კოლეგები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აგრძელებენ მუშაობას „მეგობარი“ აქტის მისაღებად.
რაც შეეხება საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის გაჭიანურებას, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში ელჩი მალე დაინიშნება, ჯიმ რიში პასუხობს:
„მე ვაგრძელებ მუშაობას ადმინისტრაციასთან ამ მნიშვნელოვანი პოზიციების შესავსებად. პროცესი ხანგრძლივი და ფრთხილია, რათა დავრწმუნდეთ, რომ კანდიდატი შესაფერისია ამ სამუშაოსთვის. ჩვენ ნომინანტების განხილვას მაქსიმალურად სწრაფად ვახდენთ ამ პარამეტრების ფარგლებში“, – თქვა მან.