სენატორი როჯერ უიკერი საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა „ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი საარჩევნო პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღეს“.
მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულ არჩევანს ძირი გამოეთხარა; ყოვლისმომცველი დარღვევები, მათ შორის დაშინება, ძალადობა, ხმების მოსყიდვა და შედეგები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდა დამოუკიდებელი ეგზიტპოლების შედეგებისგან, ისევე, როგორც წინა არჩევნების ტენდენციებისგან.
„ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რწმენას, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა, არც სამართლიანი და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ რუსეთთან და მის ავტორიტარულ ღერძთან ერთად მათ შეუძლიათ, დაიცადონ მანამ, სანამ აშშ და დემოკრატიული მოკავშირეები საქართველოს თავად ჩამოსცილდებიან. ისინი ცდებიან.
ამ არჩევნების მანიპულირება არა მხოლოდ მხოლოდ დარტყმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ბოლო მოეღება ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და, შესაძლოა, მის სუვერენიტეტს. ეს არის საარჩევნო გაყალბება და მის არალეგიტიმურ შედეგს უნდა დაუპირისპირდეს სიცხადე და გამჭრიახობა. სანამ „ქართული ოცნება“ არადემოკრატიული საშუალებებით და მოძალადე ავტორიტარების მეთვალყურეობის ქვეშ ხელისუფლებას ფლობს, მოიმკის იმ ზიზღსა და იზოლაციას, რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ“, – განაცხადა როჯერ უიკერმა.