ქუჩაში ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ფრაზებისა და ქცევისთის პირი 300 ლარით დააჯარიმეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების საქმეზე ერთი პირი გამოავლინეს.

ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ.

განცხადების მიხედვით, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ პირმა ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებული ქალის მიმართ სექსუალურ შევიწროებას მიმართა. კერძოდ, მან დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე გამოავლინა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ს.ჯ. სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა”, – აღნიშნულია განცხადებაში.