სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება მარწმუნებდა, საარჩევნო რეფორმას მიიღებდნენ - USAID-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი

პუბლიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბირმანი წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო ლიდერები სექტემბერში არწმუნებდნენ, საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებები აუცილებლად გავიდოდა.

„სექტემბერში თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობა მარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები გავიდოდა. „ქართულ ოცნებას“ არ აუსრულებია საჯაროდ გაცხადებული პირობა, 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ არჩევნებზე გადასულიყო. რეფორმა და პოლიტიკური პლურალიზმი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,  – წერს ბირმანი Twitter-ზე.

ბროკ ბირმანი Twitter-ზე სექტემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის ფოტოსა და მაშინდელ კომენტარსაც აზიარებს. ბირმანი თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ წერდა, რომ პოზიტიური შეხვედრა იყო, რომლის დროსაც თალაკვაძემ დაუდასტურა მზაობა, რომ სექტემბრის ბოლოს საარჩევნო სისტემის პროექტს სექტემბრის ბოლოს გაასაჯაროვებდნენ.

„ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უპასუხებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციებს“, – წერდა ბირმანი სექტემბერში.