ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
„2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ ქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8,086,773 ლარით გაიზრდება.