სერბეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ვულინი ამბობს, რომ „რუსეთის სპეცრამსახურების მადლიერია იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ეხმარება მათ ფერადი რევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
„ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის საშუალებით. მათ იციან, რა საფრთხე ემუქრება სერბეთს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კომუნიკაცია და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის“, – თქვა მან რუსულ სამთავრობო გამოცემა „რია ნოვოსტისთან“.
ვულინმა ასევე თქვა, რომ „წარსულში რუსეთისა და სერბეთის სპეცსამსახურები ოფიციალურად შეთანხმდნენ ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე და ეს შეთანხმება ძალაში რჩება.
სერბეთში სტუდენტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების პროტესტი უკვე ოთხი თვეა, გრძელდება.
საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 2024 წლის 1 ნოემბერს რგინიგზის სადგურ ნოვი სადში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
15 მარტს სერბეთში გამართულ საპროტესტო აქციაში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.