სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მოქალაქეები არჩევნების სავარაუდო გაყალბებას აპროტესტებენ. 24 დეკემბერს პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
სამართალდამცველები პროტესტის მიმდინარეობაში მას შემდეგ ჩაერივნენ, რაც მოქალაქეებმა ქალაქის მერიის შენობის შუშები ჩაამსხვრიეს და შიგნით შეჭრა სცადეს. სწორედ მერიის შენობაშია განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ოპოზიცია და მოქალაქეები არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.
ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ ძალას გადაამეტა.
საპარლამენტო არჩევნები სერბეთში გასულ კვირას, 17 დეკემბერს ჩატარდა. მოქალაქეების თანახმად, არჩევნების შედეგები გაყალბებულია. მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითა ეუთოს საპარლამენტო მისიამაც – ორგანიზაციის დასკვნით, გამოვლენილ დარღვევებს შორის იყო ბიულეტენების ჩაყრა, ხმის ჯგუფურად მიცემა, ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება.
არჩევნების შედეგების თანახმად, პოპულისტურმა „სერბულმა პროგრესიულმა პარტიამ” (SNS) ხმების უმრავლესობა – 46.72% მიიღო.
სერბეთის არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე ცენტრისტული ოპოზიციის ალიანსმა, სახელად „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” – 23.56%, მესამე ადგილზე კი სერბეთის სოციალისტური პარტია გავიდა 6.596%-ით.
პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც SNS-ს წარმოადგენს, განაცხადა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ვუჩიჩი პრეზიდენტის პოსტს 2017 წლიდან იკავებს, „სერბეთის პროგრესიული მოძრაობა” კი ქვეყანას 2012 წლიდან მართავს.
მოქალაქეებმა არჩევნების შედეგები მისი გამოცხადებისთანავე გააპროტესტეს.
24 დეკემბრის აქციაზე ზოგიერთმა დემონსტრანტმა მერიის შენობის ფანჯრებს ქვებიც ესროლა, ზოგიერთი კედელზე აცოცდა და შუშები ისე ჩაამსხვრია.
„ვუჩიჩი – ქურდი” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
ადგილზე იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სრჯან მილოშევიჩი და ვლადიმირ ობრადოვიჩი, რომლებიც წარმოადგენენ კოალიციას „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ”. შენობაში შესვლა მათაც სცადეს, თუმცა, უშედეგოდ.