სერბეთში პროტესტის ნიშნად ბელგრადის მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს

პუბლიკა

სერბეთში გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი 24 საათით გადაკეტეს.

სტუდენტების მასშტაბურ ბლოკადას შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ფერმერები, რომლებიც აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ და დემონსტრანტებს ამ გზით იცავდნენ.

აქციის მონაწილეები რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის გამო ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას მოითხოვენ.

პოპულისტმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე სტუდენტებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „დაძაბულობის შესამცირებლად ერთმანეთს უნდა ესაუბრონ“.

სტუდენტები პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ „ვუჩიჩს მათთან მოლაპარაკების უფლება კონსტიტუციით არ აქვს“. პროტესტის დაწყებიდან ის სტუდენტებს „მთავრობის გადაგდების მიზნით დაუზუსტებელი უცხოური ძალებისთვის“ მუშაობაში ადანაშაულებდა.

სერბეთში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ტრაგედიის მიზეზი კორუფცია და სადგურზე დაუდევრად შესრულებული სამუშაოებია.

ნოვი-სადის სადგურზე ბოლო წლებში სარემონტო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა „საეჭვო მეგაპროექტების” ფარგლებში, რომლებშიც ჩინეთის სამთავრობო კომპანიები მონაწილეობდნენ.

ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთია იმ ექვსი (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, სერბეთი, თურქეთი, ჩინეთი) ქვეყნის მეთაურიდან, რომელმაც მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად გამოცხადება მიულოცა.

სერბეთს მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან და დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე.